უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.
შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.