ასე გამოიყურება დღეს 12 საათის შემდეგ სამტრედიის ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
ლოკაციებზე, სადაც 12 საათამდე, დაახლოებით, 15 წუთით ადრე, იმდენი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, მხოლოდ ფეხით მოსიარულეები დარჩნენ. სამტრედიის ქუჩებისთვის ტრადიციული ტრანსპორტი, ველოსიპედები გამოჩნდა.
რიგი შემცირდა სავაჭრო ობიექტების წინ. მოქალაქემ, რომელმაც ,,გურია ნიუსთან” ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჟურნალისტის შეკითხვაზე: დღეს,17 აპრილის, დილის 12 საათიდან კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას როგორ უყურებენ რიგითი მოქალაქეები, ირონიულად უპასუხა:,,ახლა თავისუფალია ქუჩები, კი, მართალია, მაგრამ ის, რაც ნახევარი საათის წინ იყო, უარყოფით გავლენას არ იქონიებს კორონავირუსის გავრცელებაზე? ერთ დღეს, ერთბაშად გამოცვივდა ხალხი ქუჩაში. ღმერთმა ჰქნას, ამ 5 დღის განმავლობაში გამკაცრებას გამოეღოს შედეგი, რაზეც ნაკლები იმედი მაქვს. ჩემს თანაქალაქელებს კი მოვუწოდებ, არ წამოეგონ ბადეს და ისედაც გაძაღლებული სოციალური ყოფა კიდევ უფრო არ გაიძაღლონ სამიათასლარიანი ჯარიმით.”