ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანს მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებთან ურთიერთობა აეკრძალა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოცხადებული გვაქვს მკაცრ საკარანტინო ზონად, თუმცა იმის გამო, რომ იქ გავრცელების პატარა კერები იჩენდა თავს, მივიღეთ გადაწყვეტილება და გამოვყავით რამდენიმე ადგილი, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა აეკრძალა. პირველი იყო ქვემო ბოლნისი, სადაც ზომებმა მოგვცა ის შედეგი, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 6-ზე გაჩერდა და აღარ გაზრდილა. შემდეგი იყო სავანეთი, სადაც გვყავს 5 ინფიცირებული. დღეს მივიღეთ ანალოგიური გადაწყვეტილება ქალაქ ბოლნისთან და სოფელ რაჭისუბანთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მკვეთრად გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი, მათ შორის, ინფიცირებულია რამდენიმე ექიმი. ამიტომ ვიწყებთ ფართო სკრინინგს, შემოწმებას და ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოფხვრათ ყველა კერა. ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მუნიციპალიტეტია, იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. გამოყოფილი გვაქვს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა – კაზრეთი და სოფელი ბალიჭი, თუმცა ეს არ უკავშირდება ინფიცირებულთა რიცხვს. იქ მუშაობს კომპანია RMG, ერთად იყრის თავს ბევრი ადამიანი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით“, – განაცხადა სუბარმა.