ისრაელში ანტისამთავრობო აქცია, სოციალური დისტანციის წესების დაცვით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას TIMES OF ISRAEL ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თელ-ავივში ჰაბიმას მოედანზე 2 000-მდე ადამიანი, ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით შეიკრიბა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაუს მთავრობას აპროტესტებდა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ისრაელის დემოკრატიის ეროზიას. მათი თქმით, არ დაუჭერენ მთავრობას მხარს, რომლის მეთაურიც კორუფციაში და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
,,ისრაელის მოქალაქეები კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით ქვეყნაში გადატრიალებას არ დაუშვებენ. მხარს არ დავუჭერთ მთავრობას, რომლის ხელმძღვანელიც კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. არ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა დანიშნონ გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები,“_ განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთმეობასთან, ნდობის ბოროტად გამოყენებასთან და თაღლითობასთან. პრემიერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ.