ჩოხატაურის აგრარული (საკვირაო) ბაზარი ისევ დახურულია. ჩოხატაურელთა მოლოდინი, რომ ბაზარი კვირას (3 მაისს) გაიხსნებოდა, არ გამართლდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიის მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით მომზადება.
“ჩვენ მოვამზადებთ აგრარულ ბაზარს რეკომენდაციების შესაბამისად: სოციალური დისტანციის დაცვისათვის ინიშნება ტერიტორია, შესვლა – გამოსვლა განხორციელდება სხვადასხვა მხრიდან, ჩატარდება მოვაჭრეთა თერმოსკრინინგი, რომელთაც მხოლოდ პირბადეებითა და ხელთათმნებით შეეძლებათ პროდუქციის შეთავაზება. ადგილზე ექნებათ სადეზინფექციო საშუალებები. ბაზრის ტერიტორიაზე აიკრძალება სამრეწველო საქონლის შეტანა, ვაჭრობა განხორციელდება დახლებიდან.
საკვირაო ბაზრების გახსნის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით გამოვაცხადებთ ჩვენი აგრარული ბაზრის ფუნქციონირების აღდგენის თარიღს“, _ წერს მუნიციპალიტეტის მერი.