ლანჩხუთის საკრებულოს წევრებს სხდომაზე დასასწრებად შეკრება ლანჩხუთის კულტურის სახლში მოუწიათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოციალური დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სხდომა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი და განსახილველ საკითხთა მომხსენებლები ესწრებოდნენ, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის, ბესიკ ტაბიძის თაოსნობით წარიმართა.
საკითხი _ 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებები _ დეპუტატებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო.
როგორც მისი მოხსენებიდან გაირკვა, მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად დაფინანსება გამოეყო, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გახორციელდება.
კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გასახორციელებლად _ 1 800 000 ლარი მიიმართება, რაც ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობას მოხმარდება. სკოლების რეაბილიტაციისთვის _ 520 000 ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამების გახორციელების მიზნით _ 748000 ლარი დაიხარჯება.
ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309 890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250 000 ლარი; ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67 040 ლარი; მათ შორის, გრანტით ფინანსდება 59 890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს.
ლაშხიასვე განმარტებით, შექმნილი მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 50 ათასი ლარით გაიზარდა.
გარდა საბიუჯეტო ცვლილებებისა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების გახორციელებას, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭათ.
ოპოზიციის განმარტებით, ეს ცვლილება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ სჭირდებათ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ჩამოკიდებული სოფლის ხელმძღვანელები, რომლებსაც ნებისმიერი დროს დაემუქრებიან. თუმცა, ამ შეფასების მიუხედავად, როგორც ირკვევა, საკითხს მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ წევრმა საკრებულოში ირაკლი მარშანიშვილმაც გამოუცხადა.
„მერის არც ერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს პროტესტი, მეც დავეთანხმე და ავწიე ორივე ხელი“, _ ამბობს მარშანიშვილი.
მმართველი გუნდის განმარტებით კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების შესაბამისობისთვის გახდა საჭირო „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების გახორციელება.