ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების” მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცემათ, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ქუთაისში სულ 8500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო ამანათს. ამ პროდუქტების წაღება მშობლებს ბაგა-ბაღებიდან უკვე შეუძლიათ. სასურსათო პაკეტი შედგება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისგან და დაცულია ყველა რეკომენდაცია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს გახორციელდა.
იმერეთში ამ დროისთვის საკვები პროდუქტები სულ ბაგა-ბაღების 20 735 აღსაზრდელს გადაეცა.