განათლების სამინისტროს აბიტურიენტებისთვის ახალი შეთავაზება აქვს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბიტურიენტებისთვის მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობის მიზნით ვებსკოლა იხსნება, ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.
„რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას. პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.