დღეს მეთორმეტეკლასელებმა სასწავლო პროცესი დაასრულეს. ე.წ. ბოლო ზარი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წელს კი კორონავირუსის გამო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის უხმაურო ბოლო ზარია.
„ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე… ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ დღეს ერთად არ შევიკრიბებოდით სკოლაში სამახსოვრო წარწერების ორომტრიალში!.. გისურვებთ, რომ თქვენი მომავალი ცხოვრება მხოლოდ მოულოდნელი გამარჯვებებითა და წარმატებების ზეიმით იყოს სავსე!… გზას დაგილოცავთ! გახსოვდეთ, თქვენი გულშემატკივრები, თქვენი ოჯახის შემდეგ, თქვენი მასწავლებლები არიან!“- ასე ულოცავს სკოლის დასრულებას შემოქმედის საჯარო სკოლის კოლექტივი მეთორმეტეკლასელებს.
„ასეთი უხმაურო ბოლო ზარი, არ მახსოვს, მაგრამ ხვალინდელი საუკეთესო მომავლისთვის საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა. მჯერავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“- გვითხრა შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო სადრაძემ.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლაში ზარი სპეციალურად დარეკა. მან და მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ეს დღე ვიდეო მიმართვით მიულოცეს.