რესპუბლიკური პარტია 42 წლისაა, _ ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“რაცა ვართ, ესა ვართ….ხან არა გვიშავს, ხან უარესად, იშვიათად კი უკეთესად…
წარსულის მქონე მომავლის პარტია გვინდა რომ აღმოვჩნდეთ.
პოლიტიკა კომპრომისებია, ჩვენთვის ხანდახან მძიმეა საკუთარი კომპრომისი.
ხშირად რესპუბლიკელების კომპრომისის ზღვარი ზოგის უკომპრომისობის მიუღწეველი ზღვარიცაა…
ღირებულებების და პოლიტიკური კონიუნქტურის თანაფარდობაა პოლიტიკა.
უფრო ხშირად ვახერხებთ, რომ თავისუფლება იყოს მთავარი ორიენტირი.
” მთავარი ღირებულება არის ადამიანი” – ასე იწყება ჩვენი წესდება…
თავისუფლება, თანასწორობა, ტოტალიტარულ და ავტორიტარულ გამოვლინებებთან შეუგუებლობა, ხელისუფლებასთან შეზრდილი, რუსული გავლენების მქონე საპატრიარქოს უმრავლესობის მხილება და მასთან შეუპოვარი დაპირისპირება….თავისუფალი ბაზარი, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის გარდაუვალობა, პატრონყმული ურთიერთობების ნებისმიერი გამოვლინების მხილება და დამარცხება….” ადამიანს მისჯილი აქვს, იყოს თავისუფალი” – ეს გათავისებული გვაქვს.
პოლიტიკაში პარტნიორები მუდმივი არაა. ამასთანავე, პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელნი ვართ – მოავტორიტარო და/ან ღირებულებების საწინააღმდეგო ტენდენციებს არ ვეპუებით.სუსტი გავლენის პარტია ვართ ხმების, მანდატების რაოდენობის თვალსაზრისით. გავლენიანი ძალა ვყოფილვართ თურმე ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ვექტორის მონიშვნით და დაცვით….ძნელია, თურმე, არ გაგვიწიონ ანგარიში ხელისუფლებისთვის მებრძოლმა ჩვენზე ძლიერმა ადამიანებმა და პარტიებმა…
” ვიყვეთ არავისი და ვმსახურებდეთ არავის, თვინიერ დამბადებლისა” – ესაა 1979 წ. გამოცემული პარტიის ორგანოს, ჟურნალ ” სამრეკლოს” სლოგანი…
მომავლის პარტიაო- ამბობდნენ და ამბობენ ჩვენზე – ზოგი დაცინვით, ზოგიც გულწრფელად.
არ მივაქანებთ ლევანი და მე რესპუბლიკურ პარტიას სიბერისკენ. ხათუნა და თამუნა, უკვე პოლიტიკურ და ღირებულებით ბატალიებში გამობრძმედილნი, ხდებიან პარტიის სახე, დღევანდელობა და (კიდევ უფრო) მომავალი….სხვაც ბევრი.
ღირებულებები პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დგას დღევანდელი რესპებისთვის, გაგვირისკავს კიდეც… ადრეც ხშირად იყო ასე, ყოველთვის ვერა.
ყველას ვულოცავ, ვისაც არ ეთაკილება რესპებში გატარებული წლები, _ წერს დავით ბერძენიშვილი.