ჟურნალისტი გოგა აფციაური ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ეს ნადროშალები იცით, სად ფრიალებს? თუმცა, რაღა ფრიალია. ნაგლეჯებიღა ჩამოპონწიალებულა. ატოცის მინდორია ეს. ნადროშალების პირისპირ რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგო ჯიხურია და იქიდან ამ ყველაფერს ყოველ დღე ხედავენ, ხედავენ და ალბათ, სიამოვნებისგან იღიმიან. ამ დაფლეთილ დროშას დაამსგავსეს ოკუპანტებმა საქართველოც და უკრაინაც. საგარეო სამინისტრო ბორდერიზაციის ახალ ლოკაციებზე წერს. იქ კი აღარც ჟურნალისტებს და აღარც სამოქალაქო აქტივისტებს აღარ უშვებენ. ვერც მოქალაქეები მიდიან ამ დროშებთან, რომ ან შეცვალონ და ან საერთოდ ჩამოხსნან. და ვინც მიდიან და ამას ხედავენ, ნეტა, რას ფიქრობენ? ჩამოხსნას და განახლებას ზევიდან ბრძანება სჭირდება? სირცხვილია, ტეხავს, ძალიან ტეხავს. ოკუპანტი კი ულვაშებში იღიმის და ფიქრობს, ხომ მაინც დაგამსგავსეთ ამ ნადროშალსო. კიდევ რა გითხრათ, რით გაგამწაროთ?...“ _ წერს გოგა აფციაური.