ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ეკა დიხამინჯია, რომელიც წლების განმავლობაში, გუშინ სიცოცხლეგამოსალმებული, 26 წლის ავთო კალანდაძის კლასის ხელმძღვანელი და მეგობარი იყო, “გურია ნიუსთან” ავთოსთან გატარებულ წლებს იხსენებს.
“2013 -ში დაამთავრა სკოლა და ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტში. მახსოვს ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდნენ, ავთო და თავის და _ მარიამი. საოცრად მოწესრიგებულები, პასუხისმგებლიანები. საოცრად მზრუნველი ძმა იყო. როგორ მიჭირს წარსულში რომ ვლაპარაკობ… საოცრად ცეკვავდა, მღეროდა, უკრავდა. დერეფანში რომ მოდიოდა, გრძნობდი რომ სიყვარული მოჰქონდა თან. გაიღიმებდა, გაშლიდა ხელებს და წაიმღერებდა. არ მახსოვს ოდესმე მოწყენილი. ყოველთვის პოზიტიური იყო. საათობით შეგვეძლო საუბარი. უჭკვიანესი და უნიჭიერესი. ბევრჯერ შემიცვლია გადაწყვეტილება მისი რჩევის შემდეგ. ასე ვიყავით სულ, მასწავლებელი და მოსწავლე კი არა, დიდი მეგობრები… საღამოობით ველოსიპედით გამოირბენდა ხოლმე ჩემთან სახლში. კესოს უახლოესი მეგობარი იყო. მე-12 კლასში რომ გადავიდნენ, მე პირველი კლასი ჩავიბარე, მაგაზე სულ მებუზღუნებოდა, რატომ გვიღალატეო.
ყოველ დასვენებაზე ჩამოირბენდა და ჩემს პატარა მოსწავლეებს ესაუბრებოდა. გასვლისას შემობრუნდებოდა და ,,გააფრთხილებდა” ბავშვებს, ჩემი ეკა მასწი არ გამიბრაზოთო, _ გვითხრა მოკლული ბიჭის მასწავლებელმა.