დღეს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა.
„სიმბოლურია, რომ სწორედ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, ტყის კოდექსი. ახალი კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო რეფორმების გატარების პროცესში, მხარდაჭერას იღებდა იმისათვის, რომ ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ის მდიდარი ეკოსისტემა და ტყეები, რომელიც გვაქვს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დაცვას, რისი გარანტიც სწორედ ახალი კანონი იქნება.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომლის პირადი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავების პროცესში. ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმის, ჩვენი ტყეების სწორი, მდგრადი მართვის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც პარლამენტის წევრებს კანონპროექტის საინტერესო განხილვებისთვის, რომლებიც არაერთ კომიტეტში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.