დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი კარიერას გააგრძელებს როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ციხელაშვილი ასევე საქართველოს ელჩად ინიშნება ავსტრიის რესპუბლიკაში და ის ახალ საქმიანობას 15 ივნისიდან შეუდგება.
15 ივნისამე კი საქმიანობას ციხელაშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტებით და არა მხოლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდ-19“-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. ახლაც, ყოველ დღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
ამ დროისთვის უცნობია ვინ შეცვლის ციხელაშვილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.