აფეთქება მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში. გამოძიებისთვის, ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირ(ებ)მა სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში მდებარე ბანკომატი ააფეთქეს.
“აფეთქება მოხდა, დაახლოებით, 22:30 საათზე. აფეთქებულია სოფელში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრის ის ნაწილი, სადაც ლიბერთი ბანკის ბანკომატი იდგა. ბანკომატი მთლიანად განადგურებულია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. რაც შეეხება თანხას, შესაძლებელია, წაღებული იყოს, ამაზე მე პასუხის გაცემა არ შემიძლია”, _ უთხრა “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ნოდარ ცხომელიძემ.
როგორც შსს-ში “გურია ნიუსს”განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის187-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.