რამდენიმე საათის წინ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მოსახლეობის მიერ მოკლული დიდი ზომის გველის შესახებ წერდა, სადაც მკითხველს ვეუბნებოდით, რომ კითხვებზე _ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, რა ზომებს უნდა მიმართოს ქვეწარმავალთან პირისპირ შეხვედრისას, თუ ტარდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებები, რამდენად ეფექტურია ის და ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ ამისთვის _ პასუხს ცხოველთა დაცვის მონიტორინგის სააგენტოსგან ველოდებოდით, რომელსაც უმოკლეს ხანში შევთავაზებდით ჩვენს მკითხველს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პრესსამსახური მართლაც დაგვიკავშირდა, თუმცა, ჩვენთვის სასურველ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე.
პრესცენტრის თქმით, მათ კომპეტენციაში მხოლოდ თბილისის ტერიტორია შედის და არსებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად უნდა მივმართოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა, რომელმაც ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ნატო ჯიბუტთან გადაგვამისამართა.
“გურია ნიუსი” ნატო ჯიბუტსაც დაუკავშირდა, თუმცა, ვერც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორისგან მივიღეთ პასუხი სასურველ კითხვებზე, რადგან, ჯიბუტის თქმით, ქვეწარმავლები მის კომპეტენციაში არ შედის.
კითხვებზე პასუხის გამცემის ძებნამ “რწყილის და ჭიანჭველას” ამბავი გაგვახსენა”, მაგრამ რომელიმე ჩვენგანს შეიძლება, ჭიანჭველასავით არ გაგვიმართლოს და სანამ პასუხისგამცემ კომპეტენტურ პირს ვიპოვით, ამასობაში დაგვჭამოს გველებმა.