ლანჩხუთის “გურია” კიდევ ერთი გუნდი იქნება ქართულ ფეხბურთში, რომელიც კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს გახორციელებული ცვლილებების შემდეგ, „გურიას“ კომპანია „ჯი ბი არ“ მართავს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის “გურიას” სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს: “აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, _ აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში.
ჩვენი ინფორმაციით, ამიერიდან, კლუბს ლევან ხომერიკი და ვანო მახარაძე გაუძღვებიან, მათ ფიზმომზადებაში კახა ვაჩეიშვილი დაეხმარება _ ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, გიგა სურმავამ დაგვიდასტურდა.
ჩვენ დავუკავშირდით ლევან ხომერიკს და რამდენიმე კითხვა დავუსვით:
_ ბატონო ლევან, უპირველესად, „გურიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!
_ დიდი მადლობა, ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ისეთი ტრადიციული და ისტორიული კლუბის გაწვრთნა, როგორიც „გურიაა“.
_ ახალ მთავარ მწვრთნელს თქვენი გუნდი გეყოლებათ…
_ რა თქმა უნდა. მართალია, ოფიციალური სტატუსით მთავარი მწვრთნელი გახლავართ, თუმცა, ჩემი მუშაობის პრინციპია გუნდურობა და რეალურად, მე და ვანო მახარაძე ერთად გავუძღვებით გუნდს. ჩვენთან ერთად იქნება კახა ვაჩეიშვილი, რომელიც ფიზმომზადების კუთხით მიხედავს გუნდს. ჩვენ ადრეც ერთად გვიმუშავია და კიდევ გავიმეორებ, მთავარი გუნდური მუშაობაა.
კლუბში დარჩება „გურიას“ ლეგენდა გიგლა იმნაძე _ ის ჩვენი უფრო მეგობარი და გამოცდილი კოლეგაა. ჯერ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენთან იქნება მეკარეების მწვრთნელი გიორგი ჩხაიძეც. დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბის გუნდური მუშაობა იქნება „გურიას“ წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.
_ მართალია, „გურიამ“ პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ გუნდი თქვენი შეკრებილი არაა. ეს ხომ არ შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ესაა დიდი ტრადიციების მქონე გუნდი, ძალიან მაგარი გულშემატკივრებით, რომელთაც უნახავთ ძალიან დიდი ფეხბურთელების თამაში. „გურია“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაკი ჩვენ „გურიაში“ მუშაობას დავთანხმდით, ვიღებთ იმ გამოწვევას, რომ ეს გუნდი მაქსიმალურად სწრაფად დავაბრუნოთ ქართული ფეხბურთის ელიტაში.
ყველა ვთანხმდებით, რომ „გურიას“ დღევანდელი მდგომარეობა არაა კლუბის ტრადიციების შესაფერისი, ამიტომაც დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ლანჩხუთელი გულშემატკივარი კმაყოფილი გვყავდეს. ეს უცებ ვერ მოხდება _ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც გეგმაზომიერად უნდა წავიდეთ. ეს არ იქნება ერთწლიანი გუნდი. სწორედ ეს რომ დავინახეთ კლუბის ხელმძღვანელობისგან, ამიტომ დავთანხმდით წინადადებას.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, საუბარიც ზედმეტია, რომ გუნდი მოუმზადებელია. გვექნება დრო, რომ ფეხბურთელები მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ერთგვარად ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიწევს მუშაობდა, მაგრამ ბევრს ვიშრომებთ და შედეგს მივიღებთ. ფეხბურთელების ნაწილს ვიცნობთ, ნაწილს გავიცნობთ. არავის გაშვება გუნდიდან არ იგეგმება _ ყველას ექნება შანსი, თავი გამოიჩინოს და ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით ყველა მათგანის წარმატებით. ამას გარდა, არსებობს ხელშეკრულებები, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ.
_ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის განახლდება ჩემპიონატი. თქვენ ხომ არ გაქვთ განსაზღვრული ვარჯიშის დაწყების თარიღი?
_ ჯერ არა. ჩვენც ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას. მთავარი ლიგის გუნდებმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყეს, რაც იმის იმედის მომცემია, რომ ქვედა ლიგის გუნდებიც მალე განვაახლებთ საწვრთნელ პროცესს.
_ „გურიას“ აქვს საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში _ გუნდი, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში დაბანაკდება…
_ კი, გრიგოლეთში ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. მნიშვნელოვანია ბაზის არსებობა. შესაძლოა, მინდვრის საფარი ამჟამად არ იყოს იდეალური, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება და „გურიას“ ექნება ის პირობები, რასაც ეს კლუბი იმსახურებს.
_ რას ნიშნავს თქვენთვის „გურიას“ გაწვრთნა?
_ ამ კითხვას, ფაქტობრივად, ზემოთ ვუპასუხე. არ მომწყინდება იმის თქმა, რომ ესაა დიდი გამოწვევა. „გურია“ ის ქართული გუნდია, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი ფეხბურთის სახე თბილისისა და ბათუმის „დინამოებთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად. საამაყოა ამ გუნდის გაწვრთნა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რომ გავამართლოთ იმედები.
_ თქვენ ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში წვრთნიდით და გუნდი მესამე ადგილზეც გაიყვანეთ. ეჭვგარეშეა, მაღალი მიზნები გექნებათ ახალ გუნდშიც?
_ რა თქმა უნდა! ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა იყოს წარმატება. ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, მაგრამ „გურიამ“ არა მხოლოდ საქართველოში უნდა დაიბრუნოს ადგილი მოწინავეთა შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც უნდა გვასახელოს ისევე, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში ასახელა საქართველო, როცა პატარა ქალაქის გუნდმა სახელი მთელს საბჭოთა კავშირში გაითქვა, როცა მილიონიანი ქალაქების გუნდებს ტოლსწორად ეთამაშებოდა!