გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცი მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანეს, _ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
ჯარისკაცი ქართულ კონტინგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.
როგორც საელჩოში აცხადებენ, მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.
„ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილია“,- აცხადებენ საელჩოში.