აქციის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში სოფლის კრება გაიმართა. მოსახლეობა ეჭვ-ქვეშ აყენებს კომპანია „სამი ძმის“ ქმედებებს მდინარე სუფსის სანაპიროზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ძიმითში, გელა სალუქვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მისთვის უცნობია რამდენად კანონიერად აპირებს „სამი ძმა“ ინერტული მასალების მოპოვებას.
„ამ დღეებში დეტალურად გავეცნობი ამ საქმეს. მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხს საყანე ფართობები აქვთ და გვაინტერესებს ინერტული მასალების მოპოვების შემთხვევაში ხომ არ შეექმნებათ პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ მსგავსმა სამუშაოების შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხალხს საყანე ფართობები წაართვა”,_ გვითხრა გელა სალუქვაძემ.
აქციის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა სოფელ ძიმითში „სამი ძმის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ სრული წესების დაცვით და კანონიერად მოიპოვეს საბუთები. სწორედ ამ საბუთების გაცნობას ითხოვენ სოფელ ძიმითის მცხოვრებები.