საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, _ ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი გამოცხადდა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.