საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.
„ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.
დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე. მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა”, – აღნიშნული განცხადება გამოაქვეყნა პრეზიდენტმა ფეისბუქ გვერდზე.