საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეიბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში.
“ეროვნული გვარდიის მეთაურის რანგში პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართე და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე, ასევე ვიმსჯელეთ ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე აქტივობებსა და განვითარების პერსპექტივებზე“,_ წერს ღარიბაშვილი.