“ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” _ ამ დევიზით დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.
ამავე ინფომაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია.
“დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება; ყველა სპიკერი გამოსვლის წინ შეგახსენებთ დისტანციის დაცვის მნიშვნელობას; მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ”, – ნათქვამია განცხადებაში.
“20 ივნისიდან სირცხვილის და უსამართლობის ერთი წელი გავიდა.ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო.
ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.
1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.