საქართველოს პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას მშობლების საფლავი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარეობს, მოწესრიგებას ითხოვს.
იმ ფაქტის გამო, რომ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 14 ლანჩხუთელმა მოაწერა ხელი, აქაური მოსახლეობა ამაყია და ზოგიერთი მათგანი ინიციატივითაც კი გამოდის, რომ ღირსეული წინაპრების უკვდავსაყოფად ლანჩხუთში მემორიალი დაიდგას, ან სულაც მუზეუმი გაიხსნას.
“მიყვარს ჩემი პატარა ლანჩხუთი თავისი ღირსეული წინაპრებით! მემორიალი უნდა დაიდგას, ამ ადამიანების შესახებ უნდა იცოდეს ჩვენმა ქალაქმა. უმჯობესია, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ან პირველი რესპუბლიკის ანექსიის მუზეუმის შექმნა”, _ ასეთია წინაპართა გამო ემოციებით აღვსილი ლანჩხუთელების პოზიცია. ზოგიც კი ინიციატივას იჩენს, რომ ნოე ჟორდანიას სახელი ქალაქის პირველ სკოლას მიენიჭოს.
უცნობია, გახორციელდება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინიციატივა. ჯერჯერობით, ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ადგილი, რომელსაც 26 მაისის დღესასწაულზე ადგილობრივი მაღალჩინოსნები, გვირგვინით ხელდამშვენებულები, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ყოველწლიურად სტუმრობენ, მოსაწესრიგებელია.
“მთელი ქალაქი ყვავის და ნოე ჟორდანიას ბიუსტთან ერთი კინკილა ყვავილიც არაა, მისი სიტყვები ამოგლეჯილია სამარცხვინოდ!” _ ამბობს ლანჩხუთის მკვიდრი ირმა მგელაძე.
ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის გეგმაში უკვე გაწერილია აღნიშნული ტერიტორიის, უპირველესად კი საფლავზე არსებული წარწერის მოწესრიგება.