დღეს ოფიციალურად გვაქვს დაზუსტებული რეკომენდაციები და ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: ერთი არის პირბადის გამოყენება უშუალოდ მუშაობის პროცესში. როდესაც აბიტურიენტი დაიწყებს მუშაობას ტესტზე, მას უფლება ექნება პირბადე არ გამოიყენოს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„რეკომენდაციად რჩება, რომ აბიტურიენტმა თავისივე უსაფრთხოებისთვის პირბადე გამოიყენოს, მაგრამ თუ მოიხსნის, პრობლემა არ იქნება. მეორე რეგულაცია ეხება კონდიცირებას. აქამდე გვქონდა ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია და მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე შეგვეძლო ოთახის გაგრილება, ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩვენ გავზომავთ ოთახის შიდა ტემპერატურას და თუ ის მიაღწევს 30 გრადუსს უფლება გვექნება კონდიციონერი ჩავრთოთ. გასათვალისწინებელია, რომ ღია ფანჯრის რეკომენდაცია კვლავ რჩება, კონდიციონერი იქნება ჩართული, მაგრამ ფანჯარაც იქნება ღია, რომ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდეს. ეს არის ორი ძირითადი დაზუსტება, დანარჩენი რეკომენდაციები იგივეა, რაც იყო“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, მერხს წინ გამჭვირვალე ფარი ექნება, რომელიც აბიტურიენტებს დამატებით დაიცავს.
„ხელების დეზინფექცია, თითოეული სესიის შემდეგ სველი წესით დალაგება რეკომენდაციად რჩება. თერმოსკრინინგიც ძალაშია“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.