გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი.
ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა.
„გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე.
„იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა როყვამ.