აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზა ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 18 ივლისს საზეიმოდ გახსნა. თუმცა, აღმოჩნდა რომ გახსნიდან მეორე დღეს ლანჩხუთის ცენტრში საავტომობილო პრობლემები წარმოიშვა.
მთავარი პრობლემა, ქალაქის ტერიტორიაზე, ავტობანთან დამაკავშირებელი ახალგარემონტებული გზის ის ადგილია, რომელიც ძველ მაგისტრალს უერთდება. ცუდად გაკეთებული ბორდიური ხელს უშლის ბათუმისკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილებს. მანძილის სიმცირის გამო, მისაბმელიან ავტომობილებს, მოხვევისას, ბორდიურთან უწევთ უკანა საბურავებით შეჯახება, რის გამოც უკვე ათამდე სატვირთოა დაზიანებული, თითოეულის 2-3 საბურავია მწყობრიდან გამოსული.
ლანჩხუთელთა თქმით, მარტო ეს არაა პრობლემა და აქცენტს ავტოავარიის საფრთხეზე აკეთებენ.
„მარტო ეს რომ იყოს პრობლემა ჯანდაბას, ისეთი სისწრაფით მოძრაობს მანქანები. სულ რაღაც მეორე დღეა გაიხსნა და უკვე ბავშვების საფრთხეში ჩავარდნის ორი მომენეტი იყო. მოსახლეობაზე პასუხისმგებელი არის ვინმე? რკინიგზის გადასასვლელ “პერიეზს” ახტებიან მანქანები, ისეთი სისწრაფით მოძრაობენ და არავინ არ აკონტროლებს“, -ამბობენ მოქალაქეები.