დღეს, ოზურგეთში თხილის მიმღებ პუნქტებში, საკმაო ხალხმრავლობაა. დილიდან ერთი კილოგრამი თხილის ფასი სამი ლარია. შარშანდელისგან განსხვავებით, ზოგან თხილის გატეხვას არ ითხოვენ. ზოგან _ კი და ამბობენ, რომ ერთი საღი ნაყოფი 30 თეთრი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება ვარგისი, იმის მიხედვით იანგარიშებენ.
ჯერჯერობით, ყველანაირი ჯიშის თხილის ჩაბარება ერთი ფასით ხდება და „ბერძნულას“ და „გულშიშველას“ გაცალცალკევება არ ხდება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი სიდამპლის დაავადების შემდეგ, თხილს , როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, საღი გული აქვს და ხალხს ეს ძალიან უხარია.
_ ზოგს სულ არ შეუწამლავს და მშვენიერი მოსავალი აქვს, უხვიც და საღიც. ესაა, მცენარემაც თავად უნდა დაძლიოს ავადმყოფობა. ფაროსანაც თითქმის აღარაა. იქნება საშველი, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ რიგითმა მოქალაქეებმა: ნინო ქავთარაძემ, მარიკა მეხუზლამ, თინა ზოიძემ.