ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება, სამტრედიელმა იოანე მახარაძემ გეოგრაფიაში ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი აჩვენა, ის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს ჩაბარება.
იოანე ოთხ საგანს აბარებს: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია და უცხოური ენა. “გურია ნიუსი” დაუკავშირდა იოანე მახარაძეს- ” გეოგრაფიაში 60-დან 50 ქულა დავაგროვე, ერთი შეხედვით, ეს ციფრი არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა არ დაფიქსირებულა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი არის ის, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, თითქოს გეოგრაფია 1 თვეში მოსამზადებელი საგანია და მეორე ის, რომ ამ საგნის ტესტის სირთულე ძალიან მაღალია.
ჩემი შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ჩაბარება კი საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს, სულ ოთხი საგანი ჩავაბარე, რომელთაგან ორის შედეგი უკვე ცნობილია, სიმართლე რომ ვთქვა, ველოდი ამ შედეგს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, დირექტორსა და ოჯახს, რომელთა დამსახურებითაც მე დღეს, 6 აგვისტოს, შევძელი მიმეღწია დასახული მიზნისთვის”