დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლენჯერის თემში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ კი 30 შემთხვევაა დადასტურებული.
„აქედან 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა ლენჯერში.
გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზი. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ 4 სოფელში იყო, დღეს კიდევ გაფართოვდება არეალი გამოკვლევების, მესტიის რაიონში“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძემ აღნიშნა, რომ ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში და ერთ სოფელში უკვე მიმდინარეობს კვლევა.
„ქვეყანაში თუ ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე, ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და მოსახლეობას მოუწოდა პირბადის ტარებისა და დისტანციის შენარჩუნებისკენ.