ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბელარუსის სენატის სპიკერმა ნატალია კოჩანოვმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გათავისუფლდნენ, იმ პირობით, რომ ისინი აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ჩვენ არ გვსურს ომი. 1000-ზე მეტი მოქალაქე იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ,“- განაცხადა კოჩანოვამ.
როგორც მედია წერს, მინსკში, წინასწარი დაკავების ცენტრთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხმამაღლა კითხულობენ იმ პირების სახელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიკარგნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.