13 აგვისტოს კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბაილეთის და სუფსის მცხოვრებლებმა, რომლებმაც სუფსის ხიდთან, ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა, ადგილობრივებმა კომპანია „სამი ძმების“ წინააღმდეგ მოაწყვეს, რომელიც სუფსის კარიერში ინერტულ მასალას მოიპოვებს.
_ ეს „სამი ძმები“ არის თუ „ნატა“, არ გვაინტერესებს. აქ მათი ადგილი არ არის. კომპანია „ქიუ ემ სი“, რომელამაც მემორანდუმი გააფორმა სოფელთან, მხოლოდ ის იმუშავებს. არ არის აქ მეტი ადგილი, მორჩა! უნდა წავიდნენ აქედან, ყველას ეს აზრი გვაქვს! – იძახდა ის.
თუმცა, აქციის მონაწილეებს და თვით აქციას აშკარად ეტყობოდა არაორგანიზებულობა და უკმაყოფილება. მონაწილეთა შორის ბევრი გამოთქვამდა საყვედურს:
„დავიღალეთ ამ უაზრო აქციებით“, „ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს ოდესმე, რომ ეს ამბავი დასრულდეს“, „ახლა სათხილეში უნდა ვიყო, ამ დუგუნაში კი არა“, „ხალხიზა არავინ არაა, არ გამოდის არაფერი…“, „ყანაში უნდათ რომ ცვითონ თავი და ორი კოტა სიმინდიც წაგვართვან“… _ ისმოდა შეკრებილთა შორის.
ადგილზე არ ჩანდა პოლიცია, არც მეორე მხარე, ვის წინააღმდეგაც აქციას აწყობდნენ.
„სად მცალია თქვენი აქციიზა? რა მეაქციება, ამიდუღდა საზამთრო, თუ არ გამიშვებთ, გადმოვალ ამ მეზობლის მანქანიდან და გაღმა მხარეს მეორე მეზობლის მანქანაში ჩავჯდები, სახლში პროდუქტი მიმაქვს, _ დაიძახა ერთმა სილაურელმა მამაკაცმა, რომელიც მართლაც ხიდზე გაჩერებული მანქანიდან, ჯერ საზამთროთ ხელში გადმოვიდა და ხიდის პერიმეტრი გადმოირბინა, მერე მიბრუნდა და ჩანთებიც გადმოიტანა მეორე მხარეს, სადაც ასევე მეზობლის მანქანაში ჩაჯდა და შინ წაყვანა სთხოვა.
მალე პოლიციას დაურეკეს. ადგილზე მოსულმა ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლებმა ხალხი გზიდან გადაიყვანეს და სთხოვეს, აქცია იქ გაემართათ.
აქციის მონაწილეებთან მოვიდა გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე.
_ყველა აქ მომუშავე კომპანიას აკონტროლებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“. ამ „სამ ძმებს“ არ გააჩნია დოკუმენტაცია. ხალხო, მე მაბრალებენ, თითქოს, მე გაქეზებთ. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. ააშენონ, დაამშვენონ, თუ შეუძლიათ. ყველამ ისე იმუშაოს, რომ მდინარის კალაპოტი არ დაინგრეს. ყველა კომპანიასთან გვექნება კომუნიკაცია, რომელიც წამოვა დიალოგზე _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს.
აქციის შემდეგ, „გურია ნიუსი“ კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენელს დაუკავშირდა.
_ჩვენ არ ვიცოდით, თუ დღეს იქ აქცია იყო. არაფერს არ ვაშავებთ. გვაქვს კანონიერი ლიცენზია, _ გვითხრეს კომპანიიდან.
ვრცლად ამ საპროტესტო აქციის შესახებ, „გურია ნიუსის“ საგაზეთო სტატიაში იხილავთ.