საშინელი ტრაგედია მოხდა შატილის გზაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.
პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.