სოფელი ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები თვითმხილველებმა დღეს „ქრონიკასთან“ საუბრისას გაიხსენეს.
ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მდებარე სოფელ ბისოს მკვიდრი ქეთელაურების ოჯახი იყო, რომელსაც მიკროავტობუსის მგზავრები შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაესაუბრნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და იმ დროისთვის ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიც არ ყოფილა, რომ მიკროავტობუსის მგზავრებს პრობლემა ამის გამო შექმნოდათ.
სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევა ავომობილის გაუმართაობამ გამოიწვია. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო.
თვითმხილველის, შალვა ქეთელაურის განცხადებით, მას მიკროავტობუსში მყოფი რამდნიმე მგზავრი გამოელაპარაკა. ზოგიერთ მათგანს წყლის დალევა სურდა. ის აცხადებს, რომ არცერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო.
„აქედან, დაახლოებით, 150 მეტრის იქით ხმა მომესმა. თითოქოს გატკაცუნდა. ვიფიქრე, რომ მათ საბურავი გაუსკდათ და სადმე გაჩერდებოდნენ და დახმარება დასჭირდებოდათ. შემდეგ დიდი ხმაური გავიგონე და გზიდან მტვერი ავარდა. ნაწვიმარი არ იყო. მანამდე ჩემთან საუბრისას არ უთქვამთ, რომ მიკროავტობუსს რაიმე პრობლემა ჰქონდა“, _ განაცხადა შალვა ქეთელაურმა.
ამასთან, მამუკა ქეთელაური იხსენებს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, იქ მყოფ მუშებს გადარჩენილი მგზავრები ამოჰყავდათ.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
წყარო: იმედინიუსი