კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, 5000 ლარით დააჯარიმა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად”, რომელიც „ობიექტივის” ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.