თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე ადასტურებს, რომ ის თამარის შეყვარებული იყო, _ ინფორმაციას “მთავარი არხი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ის კამერების წინ არ გამოჩნდა, კარს მიღმა იყო და ჟურნალისტის კითხვებს ამ ფორმით პასუხობდა.
“რა თქმა უნდა, ჩემი შეყვარებული იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვიყავით ერთად”, – ასე პასუხობს ჭანუყვაძე კითხვას იყო თუ არა ბაჩალიაშვილი მისი შეყვარებული. მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობს.
“მთავარ არხთან” საუბრისას თამარ ბაჩალიაშვილის დედა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული.
“თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნება, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს ერთი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებია.
ეს ალბომი პროკურატურაშია. მე წავიკითხე თემურის ჩვენება, ის ღირსეული ადამიანია და ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას ჩვენებებში”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ ყველა მედიასაშუალებაზე ადრე წერდა, რომ ოზურგეთელი ახალგაზრდა, ბაჩალიაშვილის თანაკურსელი თემურ ჭანუყვაძე მისი შეყვარებული იყო.
როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, თემურ ჭანუყვაძე ღირსეული ახალგაზრდაა. ოზურგეთში მას მართლაც ასე იცნობენ_ ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილია.
ჩვენი ინფორმაციით, ამ სიყვარულის შესახებ, გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალებამდე გაცილებით ადრე იცოდნენ ოჯახში, საახლობლოში…
ტკივილით, მოკრძალებულად გააკეთა მაშინ „გურია ნიუსთან“კომენტარი თემურ ჭანუყვაძის მამამ.
_„ეს არის ძალიან საფრთხილო და სათუთი თემა. ყველა ჟურნალისტის სინდისზეა, როგორ მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას. ნამდვილად იყვნენ შეყვარებულები. თამარი ვის არ უყვარდა. ყველას მასწავლებელი, დამრიგებელი და მეგობარი იყო. ძალიან ვწუხვარ, _ გვითხრა თემურ ჭანუყვაძის მამამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თემურ ჭანუყვაძემ“.
ამავე თემაზე: “ყველას მასწავლებელი და მეგობარი იყო”- ვისი შეყვარებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი