ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით განსაზღვრულ შვიდ საკითხზე მოუხდათ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით წარიმართა და მას მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილიც ესწრებოდა.
პირველ საკითხად საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა ორი განკარგულება, რომელიც მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემასა და “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისთვის” პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე.
დეპუტატებმა, ასევე, დასტური მისცეს “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ” განკარგულების დამტკიცებასაც.
ამ და კიდევ სხვა რიგ საკითხებთან ერთად, საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტა, მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის განკარგულებაში, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს მთავრობისვე გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილებები და მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 686 303 ლარი, შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტით 5%-ი თანადაფინანსება განისაზღვრა 36 121 ლარით. სულ კი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსება გაიზარდა 722 424 ლარით. აქედან, ღრმაღელე-ორმეთი-ომფარეთის გზის რეაბილიტაციაზე 200 ათასი ლარი მიიმართება 10 ათას ლარიანი თანადაფინანსებით. ქალაქში სამ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობას 371 499 ლარი მოხმარდება, რომლის თანადაფინანსება 18 575 ლარს შეადგენს. ქალაქში, გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მოწყობისთვის 150 925 ლარი გამოიყო 7 546-ლარიანი თანადაფინანსებით. საკითხის მომხსენებლის განმარტებითვე, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის დელეგირებული უფლებამოსილების გახორციელების მიზნით მიზნობრივი ტრანსფერის ლიმიტი გაიზარდა 90 ათასი ლარით და ჯამში, განისაზღვრა 610 ათასი ლარით.
როგორც სხდომაზე ითქვა, მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 300 000 ლარი, ხოლო სტიქიით დაზიანებული ობიექტების სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიმართება 120 000 ლარი არაფინანსური მუხლის ზრდის ხარჯზე.
19 010 ლარით გაიზარდა არაფინანსური აქტივები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობის მიზნით.
მერიის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, ა(ა)იპ “კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის წერილის განხილვის შედეგად მიზანშეწონილად ჩაითვალა არსებული პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების მიზნით, 100 ცალი 1 100 ლიტრის ტევადობის ნაგვის ურნების შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულება 65 000 ლარია. საამისოდ კი გადაწყდა მერიის არაფინანსური აქტივების მუხლის 65 000 ლარით გაზრდა, ხოლო “საქონელი და მომსახურების მუხლის” _ 30 000 ლარით.
საკრებულომ, ასევე, მხარი დაუჭირა მომსახურების ცენტრისთვის დამატებით დაფინანსების გაზრდას 47 650 ლარით, რომელიც მიიმართება საქონელი და მომსახურების მუხლში (27 650 ლარი და 20 000 ლარი). ასევე, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების ქსელში ჩართვის მიზნით 800 ლარით გაიზარდა კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის მოხსენებიდან გაირკვა, ჯარიმების, სანქციების და საურავებიდან მიღებული შემოსავლის გეგმის 348 581 ლარით ზრდის ხარჯზე ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილში ზრდაა.
საკრებულოს წევრი ამირან გიგინეიშვილი ამ ფაქტს ასე ეხმაურება: “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ თვისთვის შემოვიდა საგზაო ჯარიმებიდან 400 000 ლარზე მეტი. ცეცხლმა დაწვა ასეთი შემოსავალი. რატომ იკლავთ თავს და რატომ ვაზარალებთ სხვებს?!”