თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ იმის შესახებ ისაუბრა, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ზომების გამკაცრება და ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება.
„კორონავირუსი იმდენად არაფროგნოზირებადი ინფექციაა, და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, ყველანაირად – კლინიკური გამოვლინებით დაწყებული, დასრულებული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. ლოკდაუნის საჭიროება არ დადგება და არ გამოცხადდება. ასეთია ჯანდაცვის სისტემის, საკოორდინაციო საბჭოს მოსაზრება და პირადად ჩემი პროგნოზი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, გრიპის სეზონის დაწყების გამო, სასურველია, გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდეს.
„მომხრე ვარ, რომ გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდეს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან კოვიდის ვაქცინა არ არსებობს და დაგვრჩა ის, რომ გრიპის შემთხვევები მინიმუმანდე დავიყვანოთ“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.