ოზურგეთში, თენიეშვილის (ყოფილი გაგარინის ქუჩა) ქუჩაზე, #6 კორპუსში, პირველ სართულზე მცხოვრები ხათუნა ზუბაშვილის ოჯახში უმძიმესი სიტუაციაა.
51 წლის ქალბატონს ჰყავს 23 წლის შვილი, რომელიც დაოჯახებულია და დედასთან ერთად ცხოვრობს, მეუღლით და შვილით. სულ ოთხსულიან ოჯახში, სადაც ერთი 5 წლის ბავშვია, ფაქტობრივად, პურის ფულიც არ აქვთ. ბინა, რომელშიც ცხოვრობენ, სხვისია.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, თქვას ადამიანმა, იმუშაონ და თავი ირჩინონო, რაც ლოგიკურია და ასეც აკეთებენ. თუმცა, სეზონური სამუშაოების გარდა, ჯერ ვერაფერი შეძლეს. ეს კი მათ სოციალურ ყოფას, ყოველდღე არასტაბილურს ქმნის. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როცა ცხოვრობენ სხვის სახლში, ხოლო ბავშვი, რომელმაც ერთი წლის ასაკში დამწვრობა მიიღო და ხელს ფუნქცია ნაწილობრივ დაკარგული აქვს, დღემდე სამკურნალოდ დაჰყავთ სხვადასხვა კლინიკაში.
როგორც ხათუნა ზუბაშვილი გვიამბობს, მისი მშობლების ოჯახი, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ყაჩაღებმა გაძარცვეს, სახლი დაწვეს და რაც ებადათ, წაიღეს. შემდგომში ეს საქმე გამოიძიეს ნაწილობრივ, თუმცა, როგორც ქალბატონი ამბობს, მას შემდეგ უკუღმა დატრიალდა ბედისწერა და დღემდე გასაჭირის ვერ დააღწიეს თავი.
თავიდან თბილისს მიაშურეს. შვილთან და დისშვილებთან ერთად, ზაჰესის დასახლებაში შეაფარეს თავი. დაიწყეს ხელზე გასამრჯელოს აღებით მუშაობა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. მალე ახალგაზრდა ძმაც დაეღუპა და დაბრუნდნენ ოზურგეთში, ძმაც აქვე დაკრძალეს, თვითონ კი მალე თურქეთში სამუშაოდ წავიდა. ერთადერთი შვილი, ირინა ზუბაშვილი კი მეუღლესთან ერთად, შინ დარჩა და დედის გამოგზავნილი ფულით ირჩენდნენ თავს. თუმცა, მოხდა ისე, რომ ერთი წლის ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო ხელზე და ხათუნა ზუბაშვილი იძულებული გახდა, ოზურგეთში დაბრუნებულიყო.
_ ამ ამბავს თავიდან იმიტომ გიყვებით, რომ არანაირმა გასაჭირმა არ დაგვტოვა. სანამ მე დავბრუნდებოდი, ბავშვი კი მიიყვანეს ექიმთან, თუმცა, დამწვარი ხელის მკურნალობა ცუდად წარიმართა და ბავშვს თითები ერთმანეთზე შეუხორცდა. რომ არა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის და სოციალური სამსახურის უფროსის, თეა ლომჯარიას ძალისხმევა, ბავშვს ხელს ვერ შევუნარჩუნებდით. ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა და ხელს ფუნქცია აღუდგა. თუმცა, დღემდე გრძელდება მკურნალობა და არ ვიცით, რა დრო დასჭირდება სრულ რეაბილიტაციას. ამ წინ და უკან სირბილში, სხვის, მადლიანი ადამიანის სახლში შეფარებულებს, გვიხდებოდა ხან თბილისში, შემდეგ კი ბათუმში ბავშვის გადაყვანა. როგორც გითხარით, ჩვენ ერთი ღვთისნიერი ადამიანის სახლში ვართ შეკედლებული, ვინც შეგვიბრალა. პარალელურად, უპოვართა სასადილოშიც ვიღებდით ორ ცალ პურს, თავისი შეჭამანდით, უმეტესად, წვნიანით.
ერთხელაც, როცა დროებით ბათუმში წავედით ბავშვისთვის მორიგი ოპერაციის ჩასატარებლად, მალე ვერ დავბრუნდით და უპოვართა სასადილოს სიიდან ამოგვშალეს. როცა დავბრუნდით, მივაკითხე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. ვთხოვეთ დახმარება, რომ აღვედგინეთ, თუმცა, კატეგორიული უარი გაგვიცხადა და რატომ არ შეგვატყობინეთ, როცა წახვედით. ახლა თუ ვინმე გარდაიცვლება, თორემ იქ ადგილი არ არისო. ეს რა პასუხია? დაგვიბრუნონ ჩვენი ორი ცალი პური, თუ არადა, მოგვცენ სამუშაო!
მე ახლა უცხოეთში წასასვლელად აღარ ვვარგივარ. 51 წლის ქალს უკვე იმდენნაირი ავადმყოფობა მაწუხებს, ფეხზე ძლივს ვდგავარ. დამიჯერებთ, რომ არის დღეები, როცა შინ პურიც არ გვაქვს? ახლა ბავშვი ბაღში მიდის და 200-ლარიანი დახმარება რომ ჩაერიცხა, სიხარულით ცას ვეწიეთ.
ირაკლი სირაძემ რა პასუხით გამოგვიშვა, ეს საკადრისია? რომ ჰკითხო, აქებენ, კარგად მუშაობსო. დაწერეთ _ ის ორი ცალი პური დაგვიბრუნონ! ჩვენ უპოვართა სასადილოში იმიტომ ვირიცხებოდით, რომ არც სახლი გვაქვს, არც სამუშაო, არც ჯანმრთელობა გვიწყობს ხელს, ბებია და შვილიშვილი მუდმივად სამკურნალო ვართ. შვილმა და სიძემ, 21და 23 წლის ახალგაზრდებმა რა ქნან, როცა სამუშაო არსად არის? თხილის საკრეფად იყვნენ. დასრულდა სამუშაო. მივიდნენ, მოცვის კრეფააო, სადღაც დაგასაქმებთო და მოაბრუნეს უკან. ასეთ დღეში ვართ, _ ტირილით საუბრობს ხათუნა ზუბაშვილი.
როგორც ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა გვიამბეს, მათ მუშაობა არ ეზარებათ. პირიქით, ეძებენ სამუშაოს, თუმცა, ერთჯერადად დასაქმების გარდა, ჯერ ვერაფერს მიაგნეს.
_ ვმუშაობთ, ხან _ თხილის კრეფაზე, ხან _ დასუფთავებაზე. ერთჯერადად აღებული 200 ან 300 ლარით რა უნდა ვქნათ, სანამ ვიკმაროთ? დაგვასაქმონ, თუ სადმე არის სამუშაო, არაფერს ვთაკილობთ, _ ამბობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
როგორც ზუბაშვილების ოჯახში ამბობენ, ისინი უახლოეს მომავალში ვერ ხედავენ პერსპექტივას, რომ მათი ოჯახი უმძიმესი ეკონომიკური ყოფიდან გამოვა. ხათუნა ზუბაშვილის თქმით, მდგომარეობას ართულებს მისი ავადმყოფობა, რაც ხელს უშლის ფიზიკურ შრომაში:
_ პენსია რომ მქონდეს, საშველი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ცხრა წელი მიკლია სამაგისო ასაკამდე და იმდენი რამ მაწუხებს, იქნებ, ვერც მივაღწიო. რომ შემეძლოს მუშაობა და სირბილი, წავალ, შვილებზე უკეთესი ვინ მყავს, ღამეებს გავათენებ და პურის ფულს მოვუტან, _ გვეუბნება ხათუნა ზუბაშვილი.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა. კითხვაზე _ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ფაქტი, რომ ზუბაშვილის ოჯახი უპოვართა სასადილოს სიიდან ამოიღეს და, ზოგადად, იციან თუ არა მერიაში ასეთი გაჭირვებული ოჯახის შესახებ, ასევე, თუ იციან, უახლოეს მომავალში რა ქმედით ღონისძიებას დასახავს მერიის შესაბამისი სამსახური მათ დასახმარებლად, სირაძე გვპასუხობს, რომ ოჯახის შესახებ მისთვის ცნობილია. მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ოჯახს ბინის ქირასაც უხდიდა, მაგრამ შემდეგ, როცა ისინი დიდი ხნით სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, ქირაც მოეხსნა და უპოვართა სიიდანაც ამოვარდნენ:
_ ვიცნობ ამ ქალბატონს და ვიცი მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ როგორ ამოვიღებდით უპოვართა სასადილოს სიიდან, რა ინტერესით ან ამის უფლება გვქონდა? თავად წავიდა რამდენიმე თვით სხვა ქალაქში ისე, რომ არავის არაფერი შეატყობინა. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ.
მისი ოჯახი იყო უპოვართა სასადილოს სიაში და მუნიციპალიტეტი, ასევე, უხდიდა ქირას ბინისთვის, სადაც მაშინ ცხოვრობდა. როცა რამდენიმე თვე გავიდა და ქალბატონი არ გამოჩნდა, არც არავის არაფერი შეატყობინა, რა უნდა გვქნა? გამოდის, რომ მუნიციპალიტეტი ხარჯს ტყუილად იხდიდა. ამიტომ, შესაბამისმა კომისიამ მოკვლევის შემდეგ, ამოიღო უპოვართა სასადილოს სიიდან. სასადილოში რომ ირიცხება 180 ბენეფიციარი, კვება ხდება ტენდერით გათვალისწინებული შედეგით. როდის მივდევდი ან არ ვპასუხობდი მოქალაქეებს? აქ ვარ იმიტომ, რომ მათ დავეხმაროთ და გასაჭირში გვერდით დავუდგეთ. მოვიდეს, მოიტანოს განცხადება. გამოვძებნით საშუალებას, რომ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. საერთოდ არ გამოჩენილა. ერთხელ რომ იკითხავს ამბავს, თუ რატომ დარჩა სიის მიღმა, ამის მიზეზი ხომ თავად იყო? საერთოდ არ მოსულა მერე? ვიმეორებ _ შემოიტანოს განცხადება, მოვიდეს მერიაში, რომ დავეხმაროთ, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.