მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ქსკ ლანჩხუთმა აქამდე ქულადაუკარგავად მოასპარეზე ქუთაისის ქსკ მართვე მიიღო და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ანგარიში უკვე მე-13 წუთზე, მარცხენა ფლანგზე მოპოვებული საჯარიმო დარტყმის შესრულების შედეგად თავურით ნათია წოწერიამ გახსნა.
მასპინძელთა მცდელობებს ანგარიში გაეზარდათ, შედეგი 38-ე წუთზე მოჰყვა – ისევ მარცხენა ფლანგზე მოპოვებული საჯარიმო დარტყმა თოდაძემ პირდაპირ კარში დაარტყა, სხვაობა ორამდე გაზარდა და ტაიმიც ასევე დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო, 68-ე წუთზე კი მოედნის ცენტრში ბურთის მოპოვების შემდეგ სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს და გამოცდილი ამერიკელი ლეგიონერი ლაურა ლებერი მეკარესთან ერთიერთზე დატოვეს, რომელმაც გოლი გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა მხოლოდ 3 წუთით _ 71-ე წუთზე ლანჩხუთელთა საპასუხო შეტევისას ქუთაისლები მარჯვენა ფლანგზე დაჯარიმდნენ, დარტყმა ჩხარტიშვილმა შეასრულა, ბურთს მეკარე კი შესწვდა, მაგრამ კარისკენ აუსხლტა და მცველებთან ორთაბრძოლაში მარიამ კალანდაძემ მესამე გოლი გაუტანა სტუმრებს.
ამის შემდეგ მასპიძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ჯერ 78-ე წუთზე სალომე გასვიანმა გაიტანა, ხოლო ორ წუთში ირინა ხაბურზანიამ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მომდევნო მატჩს კი ქსკ ლანჩხუთი 26 სექტემბერს თბილისში უშუალო კონკურენტ თბილისის ნიკესთან გამართავს.