ლიეტუვაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის საყურადღებო განცხადებას აქვეყნებს.
„21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.
ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე“,_ წერია განცხადებაში.