დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპზე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტუაცია რჩება კონტროლირებადი.
„შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორისაც შეიძლება ყოველდღიურად მთელ ქვეყანაში, მაგრამ 72% ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ მთელი ყურადღება მიმართულია აჭარისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის და შემთხვევების ზრდა აჭარის გარდა სხვა რეგიონებშიც იქნება.
„აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება – მთლიანად ჯანდადცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევების 1%-ია მხოლოდ კრიტიკული, 10%-მდე მძიმე, დანარჩენი კი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო ფორმაა. ამიტომ, ამ დიდი რგოლის, შემთხვევათა 85%-ის მართვა შესაძლებელია კოვიდ სასტუმროებში, საკარანტინო სივრცეებში და ბინაზე. ქვეყანაში ეს მეთოდი დამუშავებული იყო, აჭარაში გაიარა სერიოზული პილოტირება და მთელს ქვეყანაზე გავრცელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ შემთხვევების ზრდა სხვა რეგიონებშიც გვექნება, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ისეთი ფართომასშტაბიანი ზრდა, როგორიც უცებ გვქონდა აჭარაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.