პანდემიის პერიოდს რომ ფასების ზრდა მოჰყვებოდა და მოჰყვა, ეს უჩვეულო ამბად არავის მიაჩნია. თუმცა, მოქალაქეთა უკმაყოფილება გარკვეულ მოსაზრებას შეიცავს, თუ როგორ და რატომ ხდება ფასების მატება, რაც ასე ულმობლად ურტყამს მათ ბიუჯეტს.
_ ფასები რომ არ “გაიქცეს” თავის ჭკუაზე, მთავრობა, აღმასრულებელია თუ საკანონმდებლო, იმთავითვე უნდა იდგეს პრობლემის მოსაგვარებლად. რას ნიშნავს ის, რომ ერთ დღეს, დილიდან რომ ჰქონდათ შაქარი, მოულოდნელად, შუადღისას არსად იყო, დიდ მარკეტებში განსაკუთრებით. უცებ როგორ გაქრა ყველგან?! ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის გაზრდას ელოდებიან და მომდევნო დილით რომ აწეული ფასი დაგვხვდება, იტყვიან, რომ ფასმომატებული შემოიტანეს. რომ შემოიაროთ ახლა მაღაზიები, ყველას ექნება დასაწყობებული, მაგრამ ჩხრეკას ხომ ვერ ჩაატარებ? ელოდებიან მომდევნო დღეს, რომ ერთად გააძვირონ. დღეს თუ აქა-იქ, პატარა მაღაზიებში, ზოგ სასურსათო წერტილში იყიდით 1,70 ლარად ერთ კილოგრამ შაქარს, დიდ მაღაზიებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? _ გვეუბნებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შაქრის გაძვირების გამო.
23 სექტემბრისთვის ოზურგეთში ერთი კილოგრამი შაქარი 1,80 ლარი ღირდა, თუმცა, ყველა მაღაზიაში არ იყო და ხალხი ვარაუდობს, რომ ფასს კიდევ უფრო გაზრდიან:
_ სასურსათო პროდუქტებს შორის ყველაზე ძალიან ზეთი გაძვირდა, საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის კი _ ცოცხი. გასაკვირია, რატომ გაძვირდა ესენი ყველაზე ძალიან? ცოცხი 8 ან ცხრა ლარი ღირს. ერთი ბოთლი ზეთის ფასი კი იწყება 4,20 ლარიდან, როცა ერთ ლიტრს სამ ლარადაც იყიდდი. ახლა სულერთია, რა ხარისხის და დასახელებისაც უნდა იყოს, ერთი ბოთლის ფასი 4 ლარზე მეტია, საშუალოდ კი, 4,50 ლარიდან იწყება. არ გვითხრათ ახლა, ეს ბიზნესიაო. იმდენს კი ვხვდებით, რომ მთავრობაა ვალდებული, წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და არ გაგვიძვირონ არაფერი, პროდუქტები განსაკუთრებით, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები: ნინია ოგანოვა, ხათუნა ლომჯარია, მანანა ტყეშელაშვილი, მანანა მახარაძე და სხვები. ისინი წუხან, რომ დილიდან ბაზარში წამოვიდნენ და სირბილში ეხარჯებათ დრო, უფრო “იაფიან მაღაზიის” მისაგნებად, თუმცა, როგორც თქვეს, საბითუმოებშიც მაღალი ფასებია.
თავის მხრივ, დიდ მარკეტებში ამბობენ, რომ არ შეეფერება სიმართლეს ის მოსაზრება, თითქოს ვინმე საწყობში მალავს შაქარს ან სხვა პროდუქტს.
ოზურგეთის ბაზარში არსებულ მაღაზიებში მოვაჭრე გამყიდველთა უმეტესობა ამბობს, რომ მხოლოდ შაქარი და ზეთი გაძვირდა. ამბობენ იმასაც, რომ შაქრის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს _ ბევრი ამას საშემოდგომო მოვლენად თვლის და ამბობს, რომ, როცა ღვინის დაყენების სეზონი იწყება, შაქრის ფასი ყოველ წელს მატულობს.
_ მარტო შაქარი კი არა, ყველაფერი გაძვირდა. ახლახან რომ ჩავედით ბათუმში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია ავიღე, ვიანგარიშე და 18%-ია მომატებული. ღმერთმა იცის, გაძვირებული შემოიტანეს თუ იქვე გააძვირეს სასწრაფოდ. რაკი ვირუსი გააქტიურდა, გააქტიურდნენ ადვილად ფულის შოვნის მსურველებიც. ეს რომ ასე ხდება ასეთ დროს, მთავრობამ ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ იქაც საჭიროა ე. წ. რეგულაციები, _ გვეუბნებიან ბაზარში მოქმედი მაღაზიების გამყიდველები.
რაც შეეხება პურსა და პურის ფქვილს, ჯერჯერობით, არ გაზრდილა გამომცხვარი პურის ფასი. პურის ფქვილის ღირებულება კი, გაიზარდა. ერთი 25 კილოგრამიანი ტომარა 32-33 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი 29 ლარად შეიძლებოდა შეძენა.
ჩვენ არაერთხელ ვცადეთ წისქვილკომბინატ “გულისტანის” მენეჯერთან დაკავშირება, თუმცა, მარინა ჩხაიძემ გვითხრა, რომ შეხვედრებზე იმყოფება და სხვა დროს გვიპასუხებდა. ამასობაში კი პურის ფქვილის ფასის კვლავ მატებაზე საუბრობენ.
მოქალაქეებს ყველაზე მეტად სურსათზე ფასების ზრდა აწუხებთ _ კვლავინდებურად ძვირია ხორცი (ერთი კილოგრამი 17 ლარი ღირს), ერთი კილოგრამი ყველის ფასი 9-10 ლარია, ხოლო ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი ღირს. თუ მოასწრებ და დილით ადრე სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს დახვდებით, შესაძლებელია, ერთი ლარით უფრო იაფად შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. თუმცა იქაც გაწევ-გამოწევაა, რადგან მყიდველ-გადამყიდველებს ცალკე აქვთ ერთმანეთში დავა, “ოპტავოი” ხალხი ვართ და ხელს ნუ გვიშლითო.
ცოცხალი ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთა თქმით, ცოტათი გაიაფდა გოჭის ღირებულება.
_ თუ მაგას გაიაფება ჰქვია, დღეისთვის ცოცხალი წონით, გოჭის ფასი ერთ კილოგრამი ათი ლარია. წინა კვირაში კი 12 ლარი იყო. ახალი ქათამი 15 ლარი ღირს, დედალი 20-25 ლარი. შედარებით იაფია იხვი _ ზრდასრულის ყიდვა 12-14 ლარადაა შესაძლებელი, _ გვითხრეს ბაზრის ტერიტორიაზე საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში, სადაც შინაური ფრინველითა და ცხოველით მოვაჭრეები არიან განთავსებული.
_ ყველა პენსიონერი და ასაკოვანი ხალხი ვართ. სულ არ გვინდა, აქ ვიდგეთ და ამ სუნსა და ყვირილში ვატარებდეთ სიბერის დღეებს, მაგრამ შეგვიქმნა ვინმემ უკეთესი პირობები? დღევანდელი პენსიით თავის რჩენა ვის შეუძლია? შვილიშვილს თვეში ორჯერ შოკოლადი არ უნდა ვუყიდოთ? ასაკოვან ადამიანს ეს თანხა წამლებში სჭირდება, _ ხელისუფლების მიმართ საყვედურს გამოთქვამენ აქ მომუშავე ქალბატონები.
რაც შეეხება ლარის და დოლარის კურსს, 26 სექტემბრისთვის, ოზურგეთში, ერთი დოლარის ყიდვა 3,60 ლარი ხოლო გაყიდვა 3, 66 ლარი იყო:
_ დიახ, ძალიან გაუფასურდა ლარი. ვერ ხედავთ? ჩვენ კი არ ვშვებით ამას, ასეთია მოცემულობა. ბანკებში შედით, უფრო ძვირს დაგიფასებენ. ჩვენ ცოტა ნაკლებში ვყიდით. “ზემოთ” ჰკითხეთ, ჩვენ ნუ გვეკითხებით, _ ბაზარში მომუშავეთა მსგავსად, მთავრობისკენ მიგვითითეს ოზურგეთის “სავალუტო ბირჟაზე” დასაქმებულებმა.
ქვეყანაში საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს:
“ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, განსაკუთრებით, ღარიბი მოქალაქეების ჯიბეზე. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლოსთან ერთად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ამ პანდემიის დროს, გაჭირვებული პერიოდში მოითბონ ხელი თვითონ და სხვა მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე”, _ განაცხადა სოფო კილაძემ.
ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ _ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რომლებმაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.