იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღარ დაესწრება მთავრობის სხდომას, რადგან მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მას მინდა მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8 წლიანი შრომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა თეა წულუკიანის პერსონალურ წვლილს მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში და ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში.
„მას მინდა მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8 წლიანი შრომისთვის, საქართველოს მთავრობაში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში. ასევე მინდა ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმები დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რაც მთავარია, მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, დღეს რომ საქართველოში გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, არის ქალბატონი თეას დამსახურება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეა წულუკიანის სახელს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში, პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი”, – განაცხადა პრემიერმა.