ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრი, პენსიონერი, 70 წლის თამაზ ჟღენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, კარგა ხანია, ამორტიზირებული ეტლის ამარაა.
_ უმადური ადამიანი არ ვარ _ ერთხელ კი მაჩუქეს, თუმცა, ექვსი წლის წინანდელი, ეტლი კი არა, მანქანა ძველდება. მიჭირს გადაადგილება. ძნელია, ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. დაძველდა, ხანდახან შვილი არემონტებს, მაგრამ გაჭირვებისაა ამაში ჩაჯდომა. არ გორავს, წვალებით თუ მოვახერხებ, ადგილი მოვინაცვლო, _ გვეუბნება თამაზ ჟღენტი და თან წუხს, რომ ამ გასაჭირზე საუბარი უხდება.
თამაზ ჟღენტის ოჯახს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. სულ საკუთრებაში 6500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც გაშენებულია თხილის კულტურა და სხვადასხვა ხეხილოვნები, რაც სეზონზეც არ ჰყოფნით პურის ფულად.
თამაზ ჟღენტის მეუღლე, ლეილა ჟღენტი ამბობს, რომ არაერთხელ დაწერეს განცხადება და სოციალურ სამსახურს მიმართეს დახმარების მიღების მიზნით, თუმცა, აგენტის მოსვლის შემდეგ, ყოველთვის მაღალი სარეიტინგო ქულები მიიღეს.
_ რა გვაქვს, რატომ გვიწერენ ასე მაღალ ქულებს, ვერ ვიგებთ. ჩემი მეუღლე რომ ფეხზე იდგეს, რა მექნება საწუწუნო?! თუ დამიჯერებთ, არ მიყვარს თავის შეცოდება ვინმესთვის. პირიქით… ახლა კი რა ვქნა? თავი კი გაგვაქვს, მაგრამ გაჭირვებით. სამუშაო ადგილი არსად არაა. სეზონურ სამუშაოზე თუ წახვალ, დიდს ვერაფერს გამოიმუშავებ. ორჯერ მიხვალ მაღაზიაში და ის ფულიც აღარაა. წელს თხილის ხარისხს არაუშავს, მაგრამ არ ესხა კარგად. ახლაც “ნაგერაზე” გავედი, რომ პურის ფულის საფასური მოვაგროვო, _ გვითხრა ქალბატონმა ლეილამ.
როგორც ლეილა ჟღენტმა გვიამბო, აგენტები, ოჯახში ვიზიტისას, დაინტერესდნენ ჭიშკართან მდგარი მანქანით.
_ ჩვენი სახლის წინ დიდი ადგილია. მეზობლად მყოფმა პირმა რომ მანქანა გააჩერა, უამრავი კითხვა დაგვისვეს, ჩვენი იყო თუ არა. სად დაიმალება მანქანა? ან ასეთ ტყუილს თუ ვიტყვი, ხუთ წუთში ვერ გაარკვევენ, თუ რა? არ შეიძლება ადამიანების ნერვებზე ასე თამაში. მერე კი გაირკვა ყველაფერი, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ტყუილად გიწევს ნერვიულობა, _ გვეუბნება ლეილა ჟღენტი.
თამაზ და ლეილა ჟღენტებს ერთი ვაჟი ჰყავთ. ის დაქორწინებული არ არის.
_ მუდმივი სამუშაო რომ იყოს სადმე, წავიდოდი და ჩემს მშობლებს ჩემი ნამუშევრით მივხედავდი. რომ არ არის. სეზონურად კი ვახერხებთ რაღაცას, მაგრამ ეს ვის ჰყოფნის? მამაჩემს, ხედავთ, გადაადგილება საერთოდ არ შეუძლია. 2014 წელს გადასცეს ეს ეტლი. დაძველდა, ამორტიზირებულია. საშუალება რომ იყოს, ჩვენვე ვუყიდდით. ახლა კი კვლავ ვიღაცის მოწყალებას ველოდებით. გულისხმიერ ადამიანებს რა დალევს?! ჩვენც იმედი გვაქვს. შეგვპირდა გამგებელი. ვნახოთ, _ გვითხრა გოგიტა ჟღენტმა.
თამაზ ჟღენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას სახლი დაუხურეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით და წუხს, რომ კვლავ გასაჭირზე უწევს საუბარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დვაბზუში, მამუკა გოგუაძე და მისი მოადგილე ვასო ჟღენტი ამბობენ, რომ საქმის კურსში არიან:
_ მე მივმართე მერიის სოციალურ სამსახურს. ოჯახმა მათ უნდა გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, ე. წ. “ფორმა 100”. ერთი სიტყვით, საბუთებია შესაგროვებელი, _ გვითხრა ვასო ჟღენტმა.
“გურია ნიუსი” ესაუბრა სოციალური მომსახურების გურიის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს _ როგორც მათ გვითხრეს, ჟღენტის ოჯახს მომავალ, 2021 წელს ექნება შესაძლებლობა, შეიტანოს განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში:
_ აგენტი სარეიტინგო მონაცემებს ავსებს ბენეფიციარის თანდასწრებით და მათივე თანხმობით. თუ რაიმე ცვლილებაა მათი მხრიდან, განცხადება უნდა დაწერონ მომავალ წელს, რადგან ამ წელში მათ მაღალი ქულა აქვთ მიღებული და როგორც წესი, ერთ წელში ორჯერ განცხადების დაწერა არ ხდება, _ განაცხადეს სააგენტოში.