„ვასილ ჩიგოგიძე – ჩოხატაურიდან, ნინო წილოსანი – ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან – მე – ჩვენ სამნი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევაერთოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო მეტი ჩვენი გურიისთვის – ლანჩხუთისთვის, ჩოხატაურისთვის და ოზურგეთისთვის”, _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩოხატაურში სახელისუფლებო გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა გურიაში გახორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებაც და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე წარმატებით მიიყვანს. მისივე თქმით, ახალი სამეწარმეო პოტენციალის მხარდაჭერა, ახალი, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც შეიძლება, მეტი ადამიანის დასაქმება იქნება „ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც. ამ კონტექსტში, კი, ყურადღება განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე გამახვილდება.
„ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდი ყურადღება ექნება ამ საქმეს”,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.