დღეს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ქერქაძემ საგანგებო განცხადება გააკეთეს. ელისაშვილმა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა და გააკრიტიკა ხელისუფლება ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღისთვის სრულიად მოუმზადებელი ვითარების გამო.
„ეპიდემიის გონივრული მართვის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ პოპულისტური და გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა. ქვეყნის მთავარი კლინიცისტები პოლიტიკური კეკლუცობის საგნად გამოიყენეს.“
ოთარ ქერქაძემ კი, მედიას დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო: “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მცირე ზარალით გამოვიდეთ არსებული სიტუაციდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია: რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს ჰოსპიტალური სექტორი, განსაკუთრებით, საწოლფონდები რეანიმაციულ განყოფილებებში;
დაუშვებელია უსიმპტომო პაციენტების კარანტინში ან კლინიკებში გადაყვანა, რადგან მათი ჰოსპიტალიზაცია, მოსახლეობის მასიურ მიდინებას და კლინიკების პარალიზებას გამოიწვევს. ქვეყანაში უნდა მოხდეს სწრაფი ტესტების და PCR ტესტების მარაგის შექმნა, გამოყენებული იყოს, ყველა მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში; მაქსიმალურად უნდა ამუშავდეს ონლაინ კონსულტაციების სისტემა, მოსახლეობის დეტალური ინფორმირების მიზნით, რაც შეამცირებს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას.“- თქვა შეხვედრის დროს ოთარ ქერქაძემ.