უძველესი გურული ვაზის ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს, ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს.
თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა… რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“.
_არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი, პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო, თავდადებული შრომა უნდა იყოს. მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც, _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს: „მთის წვერზე ვცხოვრობ და აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი აქვსო”.