როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი.
ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს – 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში – (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ცესკოს, მიაწოდონ ინფორმაცია და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.