ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციურ შტაბში, 6.30 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით, 121 დარღვევაა დაფიქსირებული. სავარაუდო დარღვევები სხვადასხვა სახისაა, მათ შორის, კაბინაში ტელეფონით მოსაუბრე ამომრჩევლის შესვლა, ვადაგასული პირადობით ხმის მიცემა, ხელმოწერის გრაფაში სხვისი ხელმოწერა და სხვა.
ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა თბილისში (57), აჭარასა და იმერეთში (15-15) ფიქსირდება.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ჯამში, შესულია 165 საჩივარი, რომლებიც, ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს.
_ თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, _ აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა 17 საათზე გამართულ ბრიფინგზე.